თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. ძლიერი ქარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მთელი საქართველოს მასშტაბით ბოლო 24 საათში 64 შეტყობინება შევიდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, შეტყობინებების უმრავლესობა პრევენციული ხასიათის იყო და სახურავებიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ან ხის წაქცევის საფრთხეს ეხებოდა. ყველა მათგანზე მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.
გამოძახებების უმრავლესობა თბილისიდან დაფიქსირდა - 49. რაც შეეხება რეგიონებს, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 2, იმერეთში- 2, გურიაში - 1, შიდა ქართლში - 4, ქვემო ქართლში- 3, აჭარაში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1 შეტყობინება დაფიქსირდა.
შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.