თბილისში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ძებნილი პირი დააკავეს

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისათვის იძებნებოდა

თბილისი, 12 იანვარი -  Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 34 წლის პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებული პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისათვის იძებნებოდა.

გამოძიების მიხედვით,  ბრალდებული გასული წლის 24 ნოემბერს სადახლო-თელეთის საავტომობილო გზაზე „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

„სოფელ ზემო თელეთში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერების დროს, აღნიშნულ ავტომანქანასთან სამართალდამცველები მივიდნენ, რათა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია გადაემოწმებინათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველთა დანახვისთანავე ბრალდებულმა ჩაკეტა მანქანის კარები, გაქცევის მიზნით მიზანმიმართულად შეეჯახა პოლიციის მანქანებს, დააზიანა მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები, გაიქცა და მიიმალა.

ბრალის წარდგენის შემდეგ კი, მას სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

დაკავებულის  მიმართ გამოძიება სამსახურებრივი საქმიანობის დროს პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0