დეკანოზმა მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზმა, რომელიც პატრიარქის რეფერენტის მკვლელობის მომზადებისთვის არის გასამართლებული, შიმშილობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მის შეწყალებაზე უარი თქვა

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, შიმშილობა შეწყვიტა, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საპატიმროში დეკანოზის მონახულების შემდეგ.

პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე არ შეიწყალა >>

მამალაძემ ორშაბათს შიმშილობა მას მერე გამოაცხადა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას შეწყალებაზე უარი უთხრა, მიუხედავად წმინდა სინოდის შუამდგომლობისა. უარის მიზეზად ზურაბიშვილმა დაასახელა მამალაძის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეუსაბამობა შეწყალების ახალი კრიტერიუმებისადმი და „საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნების“ სურვილი.

ლომჯარიას თქმით, მამალაძეს შიმშილობა არ დაუწყია იმიტომ, რომ ის არ შეიწყალეს, არამედ ის ითხოვს ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობას.

„ჩემი თხოვნის შედეგად დეკანოზმა დამიდასტურა, რომ წყვეტს შიმშილობას დროებით. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, რომლის დეტალებსაც ახლა არ ვიტყვი“, - განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
მეუფე გრიგოლი: ველოდებოდი დეკანოზ მამალაძის შეწყალებას

ლომჯარიას თქმით, მამალაძე მწოლიარე მდგომარეობაში დახვდა, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად წამოჯდომაც კი და ყველა მომსახურებას ის სხვისი ხელით იღებს.

ომბუდსმენის თქმით, შეხვედრის ძირითადი თემა იყო დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მამალაძემ ასევე გადასცა ომბუდსმენს პირადი გზავნილები რამდენიმე სასულიერო პირის მისამართით, რომელთა შინაარსიც ლომჯარიამ არ გაამხილა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში - კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

მამალაძის ნათესავების მტკიცებით, დღეისათვის მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სწორედ ეს გახდა წმინდა სინოდის შუამდგომლობის ძირითადი მიზეზი.

 

ყველა ახალი ამბავი
0