22:34 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
ფოთი

სამართალდამცველებმა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია დააკავეს

© Sputnik / Seyran Baroyan
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
80 0 0

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგან სამი მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელეა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავეს, რომელთა შორის არიან ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

„დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, 2015 და 2017 წლებში ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომლებიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში – საანგარიშსწორებო დოკუმენტებში შეჰქონდათ ყალბი, გაზრდილი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.

უწყების ცნობით, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, არ ახდენდნენ შესაბამის რეაგირებას სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს, რითიც ხელს უწყობდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს თაღლითური გზით თანხების დაუფლებაში. ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, თავის მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, სამუშაოების შემსრულებელს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა – ჯამში 170 000 ლარის ოდენობით.

„საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს პერიოდში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც“, – აღნიშნეს  საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

მთავარი თემები