თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 56 წლის პ.მ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
შემთხვევა პარასკევს, გვიან საღამოს მოხდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი -სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დაჭრილი მამაკაცი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის, აკაკი თარაშვილის ვაჟი კობა თარაშვილია.
დაშავებული მამაკაცი ჯერ წნორში, „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი მდგომარეობის გაუარესების გამო თბილისში გადაიყვანეს.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.