თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
შემთხვევა დილის საათებში, გურამიშვილის 34 ნომერში დილის 8:15 საათზე მოხდა.
საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში ოთხი სართული დაზიანდა. განხორციელდა მაცხოვრებლების ევაკუაცია. სასწრაფო დახმარებას სულ 4-მა პირმა მიმართა, საიდანაც სამის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათგან ერთი ადამიანი დამწვრობის ცენტრში, ორი კი - მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სახლში ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია მანქანები. ჩამსხვრეულია ფანჯრები მეზობელ კორპუსშიც.
„აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ლამის საწოლიდან გადმოვარდით. გვეგონა, რომ მთელი რაიონი აფეთქდა“, - ყვება მეზობელი კორპუსის მაცხოვრებელი ირაკლი.
სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ადგილზე ორი სახანძრო და ექვსი სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.