35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის სამი პოლიციელია

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველმა წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირიდან ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1 ოქტომბერს გაუჩინარებული მუმლაძის ცხედარი 5 ოქტომბერს მდინარე მტკვარმა რუსთავში გამორიყა.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ერთი პირი გ.ა., ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები – მ.ღ. და დ.დ., ამავე ბრალდებით დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი დ.მ.. გარდა ამისა, ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი – გ.გ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქტიურად იძებნება განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი – ზ.ჯ.

პოლიცია ქართლში - Sputnik საქართველო
მტკვრის მიერ გამორიყული მამაკაცის ცხედარს 30-მდე ჭრილობა აქვს

გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველმა ზ.ჯ.-მ წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს.

მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ პირს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს.

„1 ოქტომბერს გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში, მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე.

ყველა ახალი ამბავი
0