მდინარეები ქუჩებში და დატბორილი საავადმყოფოები: როგორ ჩაიარა ღამემ ქუთაისში

გამოწერა
ძლიერმა წვიმამ ქუთაისის და გურიის რეგიონის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ქუთაისში ძლიერი წვიმით გამოწვეული შემთხვევებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 290-მდე შეტყობინება შევიდა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.

გასულ შაბათს ძლიერი წვიმა ელჭექით იყო ქუთაისში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონში. ქუთაისში წვიმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სადრენაჟე სისტემები წყლის დიდ მოცულობას ვერ გაუმკლავდა, რამაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში წყალდიდობა გამოიწვია. წყალქვეშ აღმოჩნდა სავალი ნაწილი, ტროტუარები, დაიტბორა სახლების პირველი სართულები, ეზოები, მაღაზიები და სააავდმყოფოები.

„დაფიქსირებულია 290-მდე შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა ქუჩების, შენობების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვას ეხებოდა. ასევე, წყალი შევიდა 3 სამედიცინო დაწესებულებაში - ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო „ჯეო ჰოსპიტალი", წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა - ვიდეო >>

უწყების ცნობით, ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოების ფუნქციონირება არ შეფერხდა.

მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ.

შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის რეგიონში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იმერეთში აღარ წვიმს. მოძრაობა გზის მონაკვეთებზე სრულად აღდგენილია, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ძლიერი წვიმით გამოწვეულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

ყველა ახალი ამბავი
0