თბილისში მშობლები შვილების პორნოსესიებით ფულს აკეთებდნენ: დაკავების კადრები

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს, აშშ-ის, ავსტრალიისა და ევროპოლის წარმომადგენლებმა არასრულწლოვნით ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ოპერაცია რამდენიმე თვე გრძელდებოდა. შედეგად 11 ადამიანი დააკავეს – ერთი აშშ-ის, ერთი ავსტრალიის და ცხრა საქართველოს მოქალაქე.

დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ არასრულწლოვანთა მშობლები, ნათესავები და ახლობლები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ავსტრალიისა და აშშ-ის მოქალაქეებმა თბილისში ნაქირავებ ბინებში არალეგალური ფოტოსალონები გახსნეს, სადაც შემდგომი რეალიზების მიზნით პორნოგრაფიულ მასალებს იღებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მშობლების თანხმობით გადაღებებში მონაწილეობდა 8-დან 14 წლამდე ასაკის დაახლოებით ათი გოგონა.

ბოროტმოქმედები პორნოსესიის სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას იხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის მეშვეობით. ამასთან, აშშ-ის მოქალაქე დანაშაულით მოპოვებულ თანხას თბილისში განლაგებული კრიპტომატებიდან ხსნიდა.

პოლიციამ არალეგალურ ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო- და ვიდეომასალები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0