ექიმების შეცდომა და ცუდი აღჭურვილობა: 16 წლის მოზარდი რეანიმობილის გაუმართაობის გამო გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ რეანიმობილში სამედიცინო მოწყობილობა გაუმართავი იყო.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. 16 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო რამდენიმე კლინიკის ექიმს მკაცრად დასჯიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ამ ზაფხულს მოზარდი რაჭაში გაურკვეველი ეტიოლოგიის ვირუსით დაავადდა. მისი მდგომარეობა 21 ივლისს გართულდა, როდესაც იგი რეანიმობილით ამბროლაურის კლინიკიდან გადაჰყავდათ. მოზარდის ოჯახის წევრების მტკიცებით, გზაში, ნაქერალას ქედზე ლენტეხიდან გამოგზავნილ რეანიმობილში ჟანგბადის მიწოდების სისტემა გაფუჭდა, რის გამოც მოზარდს გული გაუჩერდა.

ამწე მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
მშენებლობაზე მოზარდის დაღუპვა - საქართველოს ომბუდსმენი განგაშს ტეხს

მოზარდი სუნთქვის მწვავე უკმარისობით საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, მთელი ამ ხნის მანძილზე კომაში იყო და 2 სექტემბერს გარდაიცვალა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ აღნიშნული საქმის შესწავლა დაიწყო. შესწავლილ იქნა „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის", „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ლენტეხის ფილიალის", ტყიბულში არსებული კლინიკა „ევექსის", „ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრისა" და „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" სამედიცინო დოკუმენტაციები.

თელ-ავივი - Sputnik საქართველო
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო საშიში ქვეყანაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პაციენტის ისტორიაში თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მითითებული იყო არასრული და ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები. გამოვლენილი იქნა მედდების უკანონო ქმედებები და სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტები.

ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ რეანიმობილში სამედიცინო მოწყობილობა გაუმართავი იყო.

ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით მკაცრი ზომები გატარდება. პროფესიული განვითარების საბჭოს უახლოეს სხდომაზე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს, ისინი დაჯარიმდებიან.

რეანიმობილს, რომელმაც მოზარდი გადაიყვანა, შეუჩერდა ფუნქციონირების უფლება.

აღნიშნული სკანდალის ფონზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ყველა სამედიცინო დაწესებულების, მათი ლიცენზიისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრების აღჭურვილობის შემოწმების ბრძანება გასცა.

ყველა ახალი ამბავი
0