თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო კაჭრეთში მთის ფერდობზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობაში ვერტმფრენიც ჩაერთო, იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზე გაჩნდა, თუმცა სახანძრო სამსახურები აქტიურად მუშაობენ და ლოკალიზებას ცდილობენ.
იწვის ტყის ქვედა საფარი, ნამკალი და საძოვარი. მობილიზებულია კაჭრეთისა და გურჯაანის ოთხი სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ ასევე სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ეხმარებიან. ჯამში ექვსი მანქანა და 30-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენიც.
ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში აცხადებენ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ.