თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით ნარკოტიკული საშუალებების, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის 199 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო პასუხისგებაში მიეცა 77 პირი, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტში ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე სამი პირია დაკავებული და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი.
კერძოდ, „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა 27 წლის მამაკაცი დააკავეს. პოლიციამ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" უპოვა.
კიდევ ერთი პირი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ვალეს" ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც 720 გრამ "ჰეროინს" შეიცავდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი 101 აბი, დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის" და „კოკაინის" შემცველი ნარკოტიკები, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ სამართალდამცველს თავს დაესხა.
ზემოხსენებულ ფაქტებზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.