თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციაზე არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც პოლიცია ორი საათის განმავლობაში მომიტინგეებს იგერიებდა, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ, დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. 1976 წელს დაბადებული გ.ქ. კი სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში“, ნათქვამია განცხადებაში.
ამ დღეებში პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა, მათგან ოთხი არეულობაში მონაწილეობის, ხოლო ერთი – თავდაცვის ექს–მინისტრი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით.