16:28 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
აქცია რუსთაველის გამზირზე

20 ივნისის მოვლენები: რა განაჩენი გამოუტანეს ლევან ჯიქურს

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (368)
127 0 0

სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას ბრალდებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ ბრალდებულ ლევან ჯიქურს, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

არეულობა თბილისში: დაკავებულია აქციის კიდევ სამი მონაწილე>>>

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

შსს-მ ლევან ჯიქური აქციის სხვა ორ მონაწილესთან ერთად 17 ივლისს დააკავა. ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც იგი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკაში დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ჯიქურისთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 2 ათასი ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

მანამდე შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კონკრეტულად ლევან ჯიქურს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გარდა ბრალად ედება სამართალდამცველების ფარით ცემა.

„წარვადგინე ყველა მტკიცებულება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არც მისი ოჯახური მდგომარეობა", – განაცხადა ჯიქურის ადვოკატმა ალექსანდრე ზურაბიშვილმა.

შსს-ს ცნობით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 12 პირი, აქედან 11 ჯგუფური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკანორ მელიას კი ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. მელიას პარლამენტმა 26 ივნისს სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად".

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (368)

მთავარი თემები