04:27 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
მართლმსაჯულება

ჩაწყობილი მატჩების საქმე – სასამართლომ ერთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (583)
70 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთს – ლაშა ჩაფიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე დააყენა. მოსამართლემ შუამდგომლობა მხოლოდ ერთი ბრალდებულის მიმართ დააკმაყოფილა.

მიმდინარე წლის მაისში გარიგებული მატჩების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) ანტიკორუფციულმა სააგენტომ რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. 11 პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი პატიმრობაში დატოვა, დანარჩენები კი 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პატიმრობაში ამ დრომდე რჩებოდნენ ყოფილი ფეხბურთელები ლაშა ჩაფიძე, ვახტანგ ჯაყელი, ნიკა დაუშვილი და ასევე მოქმედი ფეხბურთელი ირაკლი ხუჭუა. მოსამართლემ ლაშა ჩაფიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, დანარჩენები კი პატიმრობაში დატოვა.

როგორც საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა, ჩაფიძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ბრალიც აღიარა, გარდა ამისა, ის ნასამართლევი არ ყოფილა. რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ისინი წარსულში ნასამართლევი არიან და ასევე გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით" – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93,5 ათასი ლარი.

კონკრეტულად, ერთ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, წინასწარი შეთანხმებით, 2019 წლის 3 აპრილს გარიგებული მატჩი მოაწყვეს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიის" მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საფეხბურთო კლუბებს შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით წააგეს (1:3).

ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე წლის 19 მაისს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოხდა. საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას" მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე საფეხბურთო კლუბ "ბათუმის დინამოსთან" შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით წააგეს (0:2).

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით), რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (583)

მთავარი თემები