თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. 20 ივნისის მოვლენებზე სასამართლოში „ეროვნული ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის გამოკითხვა მიმდინარეობს, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობს.
სასამართლოში გამოკითხვა ბარამიძემ თავად მოითხოვა.
„ყველაფერი არის კარგად გასარკვევი და ყველა დეტალი დარწმუნებული ვარ, გაირკვევა. მათ ჩაფიქრებული აქვთ, რომ თქვან, აი, ვიღაცა სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, მაგრამ ეს პირიქით შემოუტრიალდება მათ“, – აცხადებს გია ბარამიძე.
გია ბარამიძის გამოკითხვაზე დასწრება მის თანაგუნდელებს და მხარდამჭერებსაც სურდათ, თუმცა პროკურორმა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათ სხდომა დაატოვებინა.
საქმე გადაკვალიფიცირდა: ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება >>
საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა, 20 ივნისს, გვიან ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. არეულობების დროს დაშავდა 240 ადამიანი, რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. 20-21 ივნისს არეულობის დროს დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელიც შემდგომში ეტაპობრივად გაათავისუფლეს.