თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ქუთაისში ქალისთვის სექსუალური ურთიერთობის შეთავაზების გამო მამაკაცი 300 ლარით დააჯარიმეს, იუწყება პირველი არხი.
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებები ითვალისწინებს სასჯელს სექსუალური შევიწროებისთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი კანონის ამოქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური შევიწროების საქმეზე სამართალდამრღვევი გამოავლინა.
„2019 წლის 3 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დაზარალებულმა მიმართა, რომელიც მიუთითებდა უცნობი მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.
შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა 1973 წელს დაბადებული ვ. მ., რომელმაც ქუჩაში სექსუალური შევიწროება განახორციელა 1986 წელს დაბადებული მ.ს.-ს მიმართ.
მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ დაზარალებულს შესთავაზა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, რაც ამ უკანასკნელისთვის იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში.
უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ვ.მ. ცნო სამართალდამრღვევად სექსუალურ შევიწროებაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ვ.მ.-ს სახდელის სახით 300 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
დედოფლისწყაროში 82 წლის პედაგოგი მეშვიდეკლასელს სექსუალურ ლტოლვაში გამოუტყდა >>
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაზარალებულმა პოლიციას დროულად მიმართა, რამაც ხელი შეუწყო მტკიცებულებების დროულად შეგროვებასა და სამართალდამრღვევის დადგენას. უწყება მოუწოდებს, სექსუალური შევიწროების შემტხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.