თბილისი, 22 მაისი — Sputnik. იტალიაში ტურისტული ავტობუსის ავარიისას დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ავტოსაგზაო შემთხვევა იტალიის ქალაქ სიენას მახლობლად მოხდა. ტურისტული ავტობუსი, რომელშიც 50 ტურისტი იმყოფებოდა, ფლორენციიდან სიენაში მიდიოდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 30-მდე კი დაშავდა. ოთხი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში, ქართველების გარდა, რუსი, სომეხი, მოლდოველი და უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ავტობუსში ქართველების ყოფნის თაობაზე იტალიაში საქართველოს საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ შესულა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს დაშავებულთა იდენტიფიცირება.
არსებული ინფორმაციით, ავარიის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ ავტობუსი წვიმის გამო დასველებულ ასფალტზე მოცურდა.
ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.