ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

© Sputnik / Denis Aslanovმეხანძრეები
მეხანძრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა დაახლოებით 180 ადამიანი: მეხანძრე-მაშველები და მეტყევეები

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, შერეულ ტყეში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია, იუწყება პირველი არხი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.

ოთხშაბათ საღამოს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში 150 მეხანძრე-მაშველი და სატყეო სააგენტოს 30 მეტყევე მონაწილეობდა. გარდა ამისა, რელიეფის სირთულის გამო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ამჟამად ცუდი ხილვადობის გამო ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეწყვიტა. ხანძრის ორივე კერასთან ღამით მეხანძრეები დარჩებიან, რათა ცეცხლის გავრცელება არ დაუშვან.

ხანძარი ტყეში, ხაშურის რაიონში - Sputnik საქართველო
ხანძარი გუდამაყრის ხეობაში ჩააქრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ხდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა. მას ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. სპეციალისტების მონაცემებით, ხანგრძლივი ხანძრების შედეგად, ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე განადგურდა. ტყის ხანძრების დროს ვითარება მთიანმა რელიეფმა, ქარმა და კლიმატურმა პირობებმა გაართულა. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0