თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო გამოძიება მას შემდეგ, რაც მასმედიაში ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, ნათქვამია პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მამუკა ბახტაძემ მოსახლეობა არჩევნების წინ გააფრთხილა >>
სამშაბათს, დილით ტელეკომპანია Rustavi2-მა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ზუგდიდის რაიონის საკრებულოს წევრი გია დანელია ჯერჯერობით უცნობ მამაკაცთან განიხილავს ამომრჩევლების მოსყიდვის საკითხს 19 მაისის არჩევნების წინ.
ჩანაწერში ისმის, რომ დანელია ელაპარაკება მოსაუბრეს იმის შესახებ, რომ „ზემოდან“ მიიღო მითითება ზუგდიდის მერის არჩევნებზე პირველივე ტურში ნებისმიერი მეთოდით მიღწეულ იქნას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვება. ამისათვის ხმების 50%-ზე მეტია საჭირო.
„2019 წლის 14 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ, სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით („ამომრჩევლის მოსყიდვა“), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.
თავად გია დანელიამ ამ ჩანაწერს გაყალბებული უწოდა.
საქართველოში კვირას შუალედური საპარლამენტო და საკრებულოს არჩევნები ჩატარდება თბილისის მთაწმინდის რაიონში, საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულსა და ზესტაფონში. ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში.