18:13 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
პროკურატურა

სოსო გოგაშვილი: „მაჩალიკაშვილს რომ რამე დაუშავდეს, მე ვიქნები ეჭვმიტანილი"

photo: Prosecutor's Office of Georgia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
176 0 0

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ამტკიცებს, რომ მას და პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას საფრთხე ემუქრებათ.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე იოსებ (სოსო) გოგაშვილი ითხოვს, რომ მთავარმა პროკურატურამ ტერორიზმთან დაკავშირებულ ორ ხმაურიან საქმეზე დაკითხოს.

დააკავებენ თუ არა მაჩალიკაშვილს: საზოგადოების რეაქცია სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით>>>

ერთი საქმე ეხება ტერაქტების მომზადებას საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ, რომელთაც, სუს-ის მონაცემებით, გეგმავდნენ ცნობილი ტერორისტი აჰმედ ჩატაევი და მისი თანამოაზრეები, მეორე კი საქართველოს საზღვრის გადაკვეთასა და საცხოვრებლის დაქირავებაში ტერორისტების დახმარებას.

ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა – 2017 წლის 21-22 ნოემბერს. ეჭვმიტანილები თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ჩაიკეტნენ და სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჩატაევმა თავი აიფეთქა, დანარჩენები კი სპეცრაზმმა დახოცა. კიდევ ერთი თანამოაზრე სპეცოპერაციის დასაწყისშივე დააკავეს.

მეორე სპეცოპერაცია ტერორისტების დახმარებაში ბრალდებულების, მათ შორის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დასაკავებლად 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა. აღნიშნული ოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში, საკუთარ სახლში სასიკვდილოდ დაიჭრა.

სუს-ის მონაცემებით, სპეცრაზმმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. ახლობლებსა და ნათესავებს ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ. თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე მერამდენე თვეა, თბილისის ცენტრში სპეცოპერაციის ხელმძღვანელებისა და შემსრულებლების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს.

„რასაკვირველია, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია. დამკითხონ როგორც ჩატაევის ნაწილში, ისე თემირლან მაჩალიკაშვილის ნაწილში. ამავდროულად დაკითხონ ის ადამიანებიც, რომლებიც ხელს მადებენ, რომ მე ჩამოვიყვანე ჩატაევი საქართველოში. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება", – აღნიშნა გოგაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ცოტა ხნით ადრე მალხაზ მაჩალიკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორედ სუს-მა ჩამოიყვანა ჩატაევი და მისი თანამოაზრეები საქართველოში. ეს, მაჩალიკაშვილის სიტყვებით, უკავშირდებოდა ფინანსურ ინტერესებს. კერძოდ, სირიაში მოპარულ ფულს, რომელიც თითქოს საქართველოში ჩამოიტანეს.

ამასთან, გოგაშვილი ამტკიცებს, რომ მას და მალხაზ მაჩალიკაშვილს საფრთხე ემუქრებათ.

„საფრთხეშია როგორც ჩემი სიცოცხლე, ისე ვახას (მალხაზ მაჩალიკაშვილი - რედ.) სიცოცხლე. მე შურისმაძიებელი არ ვარ და, რასაკვირველია, არ ვაპირებ კანონის იქით გადავიდე. მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში ვინ იქნება ეჭვმიტანილი? გოგაშვილი და სახელმწიფო... ან, პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში. ამიტომ მოვუწოდებ ძალოვანებს, ამას მიაქციონ ძალიან დიდი ყურადღება", – ხაზი გაუსვა გოგაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერაქტის ორგანიზებაში ედება ბრალი: სუს-ის განცხადება>>>

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გოგაშვილის მოკვლას გეგმავდა.

გამოძიების მონაცემებით, 2019 წლის 23 მარტს მალხაზმა თავის ძმისშვილ მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილს დაავალა ინფორმაციის შეგროვება გოგაშვილზე და სოფელ ზემო მაჩხაანში მისი (გოგაშვილის) მამის საფლავის ადგილმდებარეობის გარკვევა, რათა სწორედ იქ განეხორციელებინა ტერაქტი. ამის დასტურად გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელზეც ორი მამაკაცის საუბარი ისმის. ხმები მალხაზისა და მორისის ხმებს ჰგავს.

თავად გოგაშვილი ამტკიცებს, რომ „მაჩალიკაშვილის ხალხი" მართლაც იმყოფებოდა მის მშობლიურ სოფელში. ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას როგორც მამამისის საფლავის, ისე მისი სახლის ადგილმდებარეობის შესახებ.

„მე ჩემი არხებიდანაც მაქვს ეს ინფორმაცია. ეს არის შეკრული სოფელი, ყველა ყველას იცნობს და, რა თქმა უნდა, თუ იქ ვინმე მოხვდება უცხო მანქანით ან უცხო პიროვნებას შეამჩნევენ, ეს უკვე განსჯის საგანია", – აღნიშნა გოგაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერი ფაბრიკაციაა.

საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს – „ტერორისტული აქტის მომზადება" და „ცეცხლსასროლი იარაღისა და/ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა". ამ დანაშაულისთვის კანონი 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი თემები