თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ქართველი კრიმინალისტები უკრაინელი ქალის მიერ რუსეთიდან საქართველოში მე-11 ჩამოყვანილ ბავშვს ეძებენ, იუწყება პირველი არხი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სუსლიაკი მოსკოვიდან 8 აპრილს ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა და მათთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. ქალი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.
ათი ბავშვის დედა თუ მოძალადე? ზუგდიდში უკრაინის მოქალაქე დააკავეს >>
უკრაინის მოქალაქემ სამართალდამცველთა ყურადღება საქართველოში ჩამოსვლისთანავე მიიპყრო. დოკუმენტების მიხედვით, ათივე არასრულწლოვანი სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს. მათგან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული. ამ ფაქტმა სამართალდამცველებს გაუჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, მამუკა ჭელიძის თქმით, გამოძიება დაიწყო იმის გამო, რომ ქალი ბავშვებს არასათანადოდ ეპყრობოდა, მათ ჰქონდათ ტანსაცმლისა და საკვების პრობლემები.
„ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ ქალბატონს უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ჰყავს 11 ბავშვი, ხოლო საქართველოში შემოყვანილი ჰყავს 10. დაუდგენელია იმ ერთი ბავშვის მდგომარეობა. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ინტერპოლის არხით ვცდილობთ, რუსეთის ფედერაციაში იმ ერთი ბავშვის ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის დადგენას. თავად ქალბატონმა საუბარში თქვა, რომ რუსეთში ერთ-ერთი ბავშვი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა (აბაზანაში დაიხრჩო - რედ.)“, - განაცხადა ჭელიძემ ტელეარხის ეთერში.
ჭელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ოჯახს არ აქვს ფინანსური რესურსები და მუდმივი საცხოვრებელი აფხაზეთში, შესაბამისად, ბავშვების გადაყვანა ლოგიკას არის მოკლებული. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბავშვებმა კვებითი ინტოქსიკაცია მიიღეს და საავადმყოფოში მოხვდნენ.
მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება.
„ექიმებიც ადასტურებენ, რომ დედა ბავშვებს ექცეოდა არასათანადოდ. ერთ-ერთი ბავშვი ამბობს, რომ ის არ არის მისი დედა და მას ეშინია სიკვდილის, რაც მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. საქმე ეხება არასრულწლოვნებს და ბევრ დეტალს ვერ გავახმაურებთ, თუმცა საქმეში არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რის საფუძველზეც მოხდა ამ პირის დაკავება“, – განაცხადა ჭელიძემ.
სუსლიაკს ბრალდი უახლოეს მომავალში წარედგინება. ყველა ბავშვს აუღეს დნმ-ის ანალიზი, სპეციალისტები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, დოკუმენტაცია ამოღებულია, შსს აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთი ბავშვი აშშ-ის მოქალაქეა. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა ამერიკის საელჩოსთან, ასევე უკრაინულ მხარესთან, რომელთა დახმარებით უახლოეს პერიოდში დადგინდება იულია სუსლიაკის მიერ მოწოდებული დოკუმენტების ავთენტურობა.
შსს-ში განაცხადეს, რომ იულია სუსლიაკის მეუღლეს, ბიზნესმენ იური სუსლიაკს აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსვლა შესთავაზეს.
„ჩვენ შევთავაზეთ, თუ აქვს სურვილი, ჩამოვიდეს და დაეხმაროს გამოძიებას“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.
დაკავებულის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა, რომ იულია სუსლიაკი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ის მეუღლესთან აფხაზეთში მიემგზავრებოდა. სუსლიაკს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, ორი მათგანი დღემდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, დანარჩენი რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.
გამოძიება მიმდინარეობს მუხლით „არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), დაზარალებულთა გადაყვანა უცხოეთში“.