თბილისი, 28 მარტი — Sputnik. სახელმწიფომ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ოთხი ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაუხადა, განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის ნოემბერში „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმესთან დაკავშირებით დაადგინა, რომ ექს-პრემიერის წინასწარი პატიმრობა 2013 წლის დეკემბერში გამოყენებული იყო როგორც მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალება. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა, ასევე მერაბიშვილის თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გამოყვანის ფაქტის გამოძიება დაავალა.
„მთავრობამ კომპენსაცია გადაიხადა 2018 წლის 22 თებერვალს, სასამართლოს მიერ დადგენილ სამთვიან ვადაში", – განაცხადა მიქელაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2018 წლის 12 ივლისს პროკურატურამ მერაბიშვილის თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გამოყვანის შესახებ საქმის გამოძიების განახლება გადაწყვიტა.
„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით, ამჟამად არ არსებობს ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც გამოძიებას ექნება შესაძლებლობა, ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაულის გამოძიების ფარგლებში გამოიყენოს კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები და ფარული საგამოძიებო მოქმედებები", – აღნიშნა მიქელაძემ.
მისი თქმით, როდესაც ამოქმედდება ახალი შესწორებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მერაბიშვილის საქმის გამოძიება სრულფასოვნად იქნება შესაძლებელი.
მერაბიშვილის თქმით, 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით იგი მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად წაიყვანეს, რომელიც მერაბიშვილისგან მუქარით ითხოვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმის გახსნაში დახმარებას და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების წარდგენას.
მერაბიშვილი ციხეში მოწამლეს? უცხოური ექსპერტიზის შედეგები ცნობილია>>
მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.
„ჩვენ შეცდომა დავუშვით“ - ყოფილი ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე>>
მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის თებერვალში უწევს, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ის ვადამდე გაათავისუფლონ.