თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. რუსთავში 13 წლის მოზარდი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილობრივების განცხადებით, 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის მისი 29 წლის ბიძა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ მიიღეს და ნარკოლოგიურში გაგზავნეს, სადაც ოჯახმა უსახსრობის გამო ვერ მოათავსა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამაკაცმა ჯერ საკუთარ მამას სცემა და სახლიდან გააგდო, შემდეგ კარი ჩაკეტა და ძმისშვილი მოკლა. მომხდარის შემდეგ, მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.
მოზარდი, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.