თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, აფეთქება პეკინის გამზირზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად არ მომხდარა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
პეკინის გამზირზე აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ერთ-ერთი ბინის სამზარეულოში მოხდა. გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა 10 კვადრატული მეტრი ფართობი. აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ბინაში გაჩენილი ხანძარი ქიმიური ნივთიერების აალებამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, პეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მოჰყვა.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაუდგენელი მიზეზით პეკინის N30-ში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ქურა აუფეთქდა.
„ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მობილიზება. მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღია. მას ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და შემდგომი სამედიცინო კვლევებისთვის გადაყვანილია საავადმყოფოში“, - განაცხადეს შსს-ში.