თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ოზურგეთში ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის სამი წევრი მოიწამლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გუშინ მოხდა.
ოჯახის სამი წევრი, რომლებმაც ინტოქსიკაცია მიიღეს, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას" კლინიკაში არიან მოთავსებული, მოწამლულებს შორის ერთ-ერთი 17 წლის გოგონაა.
„სამივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა თავიდანვე საშუალო სიმძიმის იყო, თუმცა ამ დროისათვის გაუმჯობესებულია. ქალბატონებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო მკურნალობა. ისინი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას", – განაცხადა სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვა, სავარაუდოდ, გაზქურიდან მოხდა.
ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეულია. იანვარში თბილისში, დიდი დიღმის ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. მომდევნო დღეებში ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში ორი მამაკაცი იმსხვერპლა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა რუსთავსა და გორშიც.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, იგეგმება გაზის მოხმარების უსაფრთხოების გაძლიერება, კერძოდ, გამკაცრდება მოთხოვნები გაზის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების კვალიფიციური კომპანიების მიერ წარმოების მიმართულებით, ასევე უფრო მეტად დარეგულირდება მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ფართებში ბუნებრივი გაზის ქსელის მონტაჟთან და ბუნებრივი გაზის დანადგარების უსაფრთხო მომხმარებასთან დაკავშირებული საკითხები.