თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. გერმანიის ხელისუფლებამ, რეადმისიის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეყნიდან საქართველოს 55 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
თვითმფრინავი თბილისში დიუსელდორფიდან ჩამოფრინდა. ყველა მოქალაქე გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა. ისინი ამ ქვეყანაში სხვადასხვა დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ – ექვსი თვიდან ხუთ წლამდე.
ბოლოს ქართველების დეპორტაცია გერმანიიდან ერთი კვირის წინ განხორციელდა. მაშინ სამშობლოში 62 ადამიანი გამოგზავნეს. ისინიც ასევე თავშესაფარს ითხოვდნენ.
საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია ევროკავშირის ქვეყნებში ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მთავარი გამოწვევაა. ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.
უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.
გერმანიიდან საქართველოს ათობით მოქალაქე გამოაძევეს>>
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.