ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალება თბილისში – ბავშვის დედას ბრალი წაუყენეს

გამოწერა
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას შემაკავებელი ორდერის დარღვევაში ადანაშაულებენ

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. პროკურატურამ ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონას დედას ლეილა ქსოვრელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოთხი წლის გოგონა გარდაცვლილი 22 იანვარს იპოვეს. მას ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა. მომხდარის შემდეგ პოლიციამ ლეილა ქსოვრელი დააკავა, რომელსაც ადრე სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთან კონტაქტი აუკრძალეს. პოლიციამ დედას შემაკავებელი ორდერი მას შემდეგ გამოუწერა, რაც 6 იანვარს ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით მოხვდა საავადმყოფოში.

გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი: „რა შემაკავებელი ორდერი, ბავშვს არავინ სცემდა">>>

ქსოვრელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ოჯახური დანაშაული, შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არასრულწლოვანის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა".

„გამოძიება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება... ეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. რამდენად სწორად იყო გამოწერილი ის შემაკავებელი ორდერი, ეს გასარკვევია", – განაცხადა ადვოკატმა ნინო ტაბატაძემ ჟურნალისტებთან.

ადვოკატის სიტყვებით, ლეილა ქსოვრელს აღნიშნული შემაკავებელი ორდერის გასაჩივრება სურდა, თუმცა არ იცოდა როგორ უნდა ემოქმედა და შედეგად გასაჩივრების ვადები ხელიდან გაუშვა.

ყვითელი ლენტი - Sputnik საქართველო
თბილისში გაურკვეველ ვითარებაში ოთხი წლის გოგონა გარდაიცვალა

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხუთშაბათს იმსჯელებს.

გარდაცვლილი ბავშვის ბებია და მამინაცვალი ლეილა ქსოვრელის უდანაშაულობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბავშვს აუტიზმის სინდრომი ჰქონდა და თავად შეეძლო დაზიანებების მიყენება, რადგან ჰიპერაქტიური იყო.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გოგონა, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მიმნდობ ოჯახში იზრდებოდა. რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის შესახებ შესაბამის სტრუქტურებს თავად დედამ სთხოვა, რომელსაც კიდევ ორი შვილი ჰყავდა ოჯახში. დედას პატარა გოგონა დროდადრო თავისთან მიჰყავდა და როდესაც მიმღებ ოჯახში აბრუნებდა, სოციალური აგენტები ძალადობის ნიშნებს ვერ პოულობდნენ.

ამ დროისთვის სამინისტრო იმ სოციალური აგენტების მუშაობასაც სწავლობს, რომლებიც აღნიშნული ოჯახის პრობლემებით იყვნენ დაკავებული.

თუ ქსოვრელს ბრალი დაუმტკიცდება, მას ჯარიმა ან 180-დან 200 საათამდე ვადით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0