თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ერთი ადამიანი დაიჭრა თბილისში კაფე „სტრადასთან“ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ახალგაზრდა მამაკაცს პისტოლეტიდან ესროლა და თითქმის მთელი მჭიდი დააცალა.
მომხდარს შეესწრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა.
„ვიჯექით აქ მე და ჩემი მეგობარი. ვსვამდით ყავას და სადღაც 10 მეტრის უკან, ამ ვერანდაზე, მოპარვით როგორც ჩანს 5-ჯერ თუ 6-ჯერ ესროლეს და ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. შიგნით შემდეგ ფეხზე გადავუჭირეთ „ჟგუტი“ და უთხარით რომ საავადმყოფოში წაგიყვანთო და „არა, არა, ჩემით წავალო" და, როგორც ჩანს, თავისით წავიდა. სასწრაფოს არ დაელოდნენ და პოლიციაც დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მოვიდა. სასიკვდილო ჭრილობა, როგორც ჩანს, არ აქვს“, - განაცხადა ნიკა რურუამ.
ადგილზე მობილიზებულია საგამოძიებო სამსახური. პერიმეტრი მთლიანად შემოსაზღვრულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.