თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. გორში 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცის ტელეფონში გარდაცვლილი მოზარდის ფოტოები აღმოჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ჟურნალისტებს ბავშვის პედაგოგმა განუცხადა.
„ბებია ამბობდა, რომ შორიდან გადაუღია სურათები, ფოტოები მის ტელეფონში იყოო, უთვალთვალებდა ალბათ. რაში სჭირდებოდა 33 წლის კაცს ეს სურათები, რისთვის? არ ვიცი, რა ხდება", – განაცხადა მოკლული ბავშვის პედაგოგმა მერი მამისთვალოვმა.
მამისთვალოვის ინფორმაციით, გოგონას კისრის არეში სიწითლე, ხოლო თავის არეში დაჟეჟილობები აღენიშნებოდა.
მკვლელობა გორში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 25 ოქტომბერს, ნაშუადღევს გაუჩინარდა. გოგონა სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი მის სხლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს.
შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, იგი წარსულში ნასამართლევი 34 წლის ი.ნ.-ია. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, იგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.