თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დაკავებულია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
სარალიძე სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის შენობასთან დააკავეს.
ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობის წინ საკუთარი შვილის მკვლელის დადგენის მოთხოვნით აქციებს 9 სექტემბრიდან მართავს.
გავრცელებული ინფორმაციით, სარალიძეს სამართალდამცველებთან კონფლიქტი პარლამენტის წინ კარვის დაშლასთან დაკავშირებით მოუვიდა, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.
„ცინიზმი და უზნეობა“ – ივანიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარების თაობაზე>>>
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაშია გადაყვანილი.
ზაზა სარალიძე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას თავისი 16 წლის შვილის დავით სარალიძის მკვლელობის არაობიექტურ გამოძიებაში ადანაშაულებს, თბილისის მერიას პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლის ნებართვას სთხოვდა.
16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელთა შორის ხორავას ქუჩაზე მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.
სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.
სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ საგამოძიებო ორგანოები მკვლელების დაფარვაში დაადანაშაულა.
პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება, რომელსაც ზაზა სარალიძის დედა მარინა ბეგაძე შეუერთდა.
სარალიძის დაკავების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით – პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს.