პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადება – ერთ-ერთ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიბადრი პატარკაციშვილი
ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) ყოფილ თანამშრომელს გიორგი მერებაშვილს, რომელსაც ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს გულის შეტევით 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ბიზნესმენი მოკლეს. თავდაპირველად ბრიტანეთის ხელისუფლება გარდაცვალების ფაქტს საეჭვოდ მიიჩნევდა. ამჟამად საუბარია პატარკაციშვილის მკვლელობის გეგმის შესახებ, რომელსაც კუდის სამი ოფიცერი მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე განიხილავდა.

„ბრალდებულ გ.მ.-ს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მის მიმართ პატიმრობა გამოიყენა", – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
პროკურატურა: პატარკაციშვილის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის სანქცირებული იყო

სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალი შსს-ს კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს წარედგინათ.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ საქმის გახსნაში 2007 წლის ფარული ჩანაწერები დაეხმარათ. ჩანაწერები კი 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს იპოვეს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დროს აღმოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.

„ვერ მივხვდი, ვერ გავიგე, რა უკანონო ქმედება განვახორციელე. თქვენ მიერ ჩამოთვლილი პირები საერთოდ უცნობია ჩემთვის. არაფერს უკანონოს არ ვახორციელებდი და, საერთოდ, მოსმენებს არ ვახორციელებდი, ამას შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური აწარმოებს. რაც შეეხება მიმალვას, არ მესმის, რატომ უნდა მივიმალო", – განაცხადა მერებაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

ბრალს არ აღიარებს ასევე შიუკაშვილი, რომელიც უკვე იხდის სასჯელს ფარული ვიდეოჩანაწერების შექმნის საქმეზე. ის ასევე მონაწილეობს 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის საქმეში.

როგორც პროკურატურა აცხადებს, საუბრის მიხედვით, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვებისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს.

„ქართუ ბანკის ავტომატი - Sputnik საქართველო
პატარკაციშვილის მეგობარს ივანიშვილის ბანკის შესყიდვა სურს

ერთ-ერთ საუბარში გიორგი დგებუაძე, რომელიც „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე ცხრაწლიან სასჯელს იხდის, ადასტურებს, რომ მკვლელობა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ არის სანქცირებული.

თავად ექს-პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ ეს დადგმული სპექტაკლია და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე მოვლენებში ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.

„აქ სხვა რაღაცაზეა საუბარი, გარდა ამ უნიჭო დადგმისა, რაც ვნახეთ. 2007 წელს კუდ-ის ვიღაც ორი თანამშრომელი არასოდეს გვარით არ მახსენებდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, იტყოდა „პირველმა", „პრეზიდენტმა". ვინც სისტემაში იყო მაშინ, ეს ხომ კარგად იციან, გარდა იმისა, რომ არც ასეთ დავალებებს არ იღებდნენ. სრულ აგონიაში არიან", – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2"-თან საუბრისას.

შიუკაშვილის, მერებაშვილისა და ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება" და „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეკვეთით, განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მომზადება". დანაშაული 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება კუდ-ის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსან გიორგი დგებუაძეს, საქართველოში მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ 2016 წლის მარტში განხორციელდა. შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს.

ამჟამად ქარდავა სასჯელს იხდის. სასამართლომ მას 2014 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა "ნავთლუღის სპეცოპერაციასთან" დაკავშირებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0