07:19 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ისრაელი

ქართველმა მოფარიკავეებმა ისრაელში არალეგალურად დარჩენა გადაწყვიტეს

CC0 / Pixabay
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
221 0 0

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელობას დისკვალიფიკაცია მისცა.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოდან ექვსმა მოყვარულმა მოფარიკავემ ისრაელში არალეგალურად დარჩენა გადაწყვიტა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოფარიკავეები ისრაელში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტთან ზაზა მჭედლიძესთან და ფედერაციის გენერალურ მდივანთან დავით სახვაძესთან ერთად ჩავიდნენ იმ მოტივით, თითქოს სურდათ ადგილობრივ ნაკრებთან ერთად შეკრების გავლა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათი განზრახვა ქვეყანაში არალეგალურად დარჩენა იყო. საბოლოოდ ექვსი მოყვარული სპორტსმენი ისრაელში დარჩა, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი საქართველოში დაბრუნდნენ.

შედეგად, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ მჭედლიძესა და სახვაძეს დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია 5 ათასი შვეიცარული ფრანკით დააჯარიმა.

„ფედერაციის დანაშაული დიდი არ არის, მოყვარული სპორტსმენების დანაშაული უფრო მეტია, რადგან ისინი უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ და სხვა ქვეყანაში დარჩნენ“, – განაცხადა ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბაზაძემ ტელეკომპანიის ეთერში.

ამასთან, ბაზაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ხელმძღვანელობის დისკვალიფიკაციისა, ფედერაცია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს და საქართველოს ნაკრები გააგრძელებს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებას, რომელიც 2020 წელს გაიმართება.

მთავარი თემები