ახალი ვერსია: ხადას ხეობაში ნაპოვნი ამერიკის მოქალაქეები შესაძლოა მოკლულები იყვნენ

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული რელიეფის გამო, ბავშვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შეწყდა და ის ხვალ დილიდან განახლდება.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ამერიკელი ცოლ-ქმარი, რომელთა ცხედრებიც მაშველებმა დუშეთში, ხადას ხეობაში იპოვეს, შესაძლოა მოკლულები იყვნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2 სააგენტო reginfo.ge —ზე დაყრდნობით.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი,  1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, გარდაცვლილები იპოვეს.  დაკარგულია მათი 4 წლის ვაჟიც. ოჯახის ძებნის ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ივლისს  „112“–ში შეტყობინება შევიდა, რომ მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი 6 ივლისს ავტომანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. რაიან სმიტის ცხედარი კი 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თვითმხილველი: ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვი მამას ზურგჩანთით მიჰყავდა

მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ 4 წლის ბავშვს. რთული რელიეფის გამო, დღეს სამაშველო ღონისძიებები შეწყდა და ის ხვალ დილიდან განახლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავიდანვე განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა და პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხადას ხეობის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ როდესაც მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მას ტანზე არაფერი ეცვა და დაზიანებები აღენიშნებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ცოლ–ქმრის საზარელი სიკვდილი და დაკარგული ბავშვი – რა მოხდა საქართველოში

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ჩანჩქერამდე 19 წლის მწყემსმა მიაცილა. იგი ამ დროისთვის გამოკითხვაზეა გადაყვანილი. მწყემსი ხადას ხეობის მცხოვრები არ არის.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და შვიდი წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ. რაიან სმიტი აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული. იგი მარნეულში პირველი საბავშვო მოედნის მოწყობის ინიციატორი იყო და მოედნის მოწყობასთან დაკავშირებით ყველა ხარჯის საკუთარ თავზე აღებას გეგმავდა.

ყველა ახალი ამბავი
0