თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ტარიელ აროშიძეს ბრალი წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ოზურგეთში პარასკევს მოხდა. ტარიელ აროშიძე ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატია მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, დაშავებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს — ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ტარიელ აროშიძეს.
საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამასთან, ოზურგეთში ჩავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია. მასსა და მმართველი პარტიის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად ბესო ქათამაძის ერთ-ერთი მხარდამჭერი დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სოფელ ნასაკირალის მცხოვრებლებიც მივიდნენ და დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ტარიელ აროშიძეს ემუქრება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.