შსს: რა გახდა გუდაურში ქართველ, უკრაინელ და რუს პარაპლანისტებს შორის კონფლიქტის მიზეზი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაბა გუდაურში 8 ივნისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქართველ და უკრაინელ, 9 ივნისს კი - ქართველ და რუს პარაპლანისტებს შორის.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. ყაზბეგის რაიონის დაბა გუდაურში 8-9 ივნისს მომხდარ ინციდენტებთან  დაკავშირებით  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

კერძოდ, დაბა გუდაურში 8 ივნისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქართველებსა და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის, 9 ივნისს კი —  ქართველ და რუს პარაპლანისტებს  შორის.

უწყების ცნობით, ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით გუდაურის ახლოს მდებარე  იმ ადგილზე დაეშვნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს აქვთ იჯარით აღებული. აღნიშნულ ფაქტს უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა, რა დროსაც ქართველმა მფრინავებმა უკრაინის მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პარაპლანი - Sputnik საქართველო
გუდაურში რუს პარაპლანისტს ათობით პირი ფიზიკურად გაუსწორდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

„სამართალდამცველები შემთხვევის ადგილას ოპერატიულად გამოცხადდნენ. დაპირისპირება პოლიციელების მისვლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა მათ მალევე შეძლეს კონფლიქტის განმუხტვა“, — აცხადებენ შსს-ში.

სამინისტროს ინფორმაციით,  დაბა გუდაურში კონფლიქტი მოხდა 9 ივნისსაც, როდესაც   ქართველმა მფრინავებმა პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელ გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუს  პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

„დაპირისპირების შედეგად, ქართველმა პარაპლანით მფრინავებმა რუსეთის მოქალაქეებს: სერგეი დემენტიევს და ფეოდორ ჩელიშევს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირების და ფიზიკური ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გუდაურში დაშავებულები - Sputnik საქართველო
გუდაურში დაშავებული ტურისტები დასასვენებლად საქართველოში დაბრუნებას აპირებენ

უწყების ცნობით, დანიშნულია შესაბამისი  ექსპერტიზები და ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირების მიზნით.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

კონფლიქტის დროს დაშავებული რუსი პარაპლანისტი ფეოდორ ჩელიშევი ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ მომხდარ დანაშაულს ეთნიკური საფუძველი არ აქვს და ის ბიზნესის განაწილების მცდელობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, გუდაურში ის ოფიციალურად მუშაობდა და ტურისტებს ემსახურებოდა, ადგილობრივმა კონკურენტებმა კი მას მუშაობის უფლების სანაცვლოდ ფულის გადახდა მოსთხოვეს, უარის გამო კი სცემეს.


ყველა ახალი ამბავი
0