მოპედების და ავტონაწილების ქურდობა - დაკავებულია სამი ახალგაზრდა

© Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდა გოგო მოპედზე
ახალგაზრდა გოგო მოპედზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულთა ასაკი 18-დან 23 წლამდე მერყეობს. ესენი არიან წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 22 წლის ლ. ტ., 18 წლის ა. გ. და 23 წლის გ. ვ. მათ ბრალი ედებათ სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების არაერთგზის ქურდობაში. 

სამივე თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მოქალაქის კუთვნილ მოპედს იპარავდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ მოპარული 3 მოპედი და ავტომობილის საბურავები ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ სხვადასხვა დროს მოპარული და უკანონოდ გასხვისებული აკუმულატორები.

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ნაქურდალი სატრანსპორტო საშუალებების და ავტომობილების ნაწილების კანონიერ მფლობელთა ვინაობის დადგენა.

სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0