22:39 15 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0047
  • 100 RUB3.9453
  • USD2.6343
მართლმსაჯულების სიმბოლოები

სააპელაციო სასამართლომ მამალაძე პატიმრობაში დატოვა

CC0 / Pixabay / succo
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (640)
71 0 0

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ისევ აპირებენ.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვისთვის ცხრა წლით პატიმრობა შეუფარდა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ სასამართლოს პრეს–სამსახურში.

მამალაძეს განაჩენი 2017 წლის სექტემბერში გამოუტანეს. ის გასული წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

„სააპელაციო სასამართლომაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ნაწილში. როგორც განვაცხადეთ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ველოდებოდით – რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადების ნაწილში აუცილებლად დამნაშავედ ცნობდნენ, რადგან ჩვენ წარდგენილი გვაქვს მტკიცებულებები“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თავის მხრივ, მამალაძის ადვოკატები აღაშფოთა.

„ველოდებოდი და მაინც იმედი მქონდა, რომ რაღაც ცვლილება იქნებოდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წლის 10 თებერვლიდან ეს უკანონობა დაიწყო საგამოძიებო ორგანოებმა, გააგრძელა პირველი ინსტანციის მოსამართლემ, იგივე განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში არ არის მართლმსაჯულება. არც ერთი მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი. ყველა არის შემსრულებელი… ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენთან არ არის მართლმსაჯულება!“ – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

მისი თქმით, მამალაძის დაცვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, ხოლო შემდეგ, თუ განაჩენს ისიც ძალაში დატოვებს, საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევა.

გიორგი მამალაძის დაკავება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმე გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ყოფილი დეკანოზის ადვოკატებმა, აგრეთვე საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადეს. ადვოკატები დარწმუნებული იყვნენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ სიმართლეს საზოგადოება სასამართლოზე შეიტყობდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყველა სასამართლო მოსმენა დახურული იყო.

მაშინ პროკურატურამ ეს იმით ახსნა, რომ საქმეს ერთვოდა ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ყოფილი დეკანოზის ინტიმური ცხოვრების დეტალებს შეიცავდა და მათი გავრცელება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას დააზარალებდა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (640)

მთავარი თემები