თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე სრულად აღდგება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" კომპანია Socar Georgia Gas-ში.
აჭარაში, ასევე გურიაში გაზის გამორთვის მიზეზი გაზსადენის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარია გახდა. ამის გამო საბავშვო ბაღებისა და სკოლების ნაწილი ალტერნატიულ გათბობაზე გადავიდა, ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მუშაობა დროებით შეწყვიტა.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აჭარასა და გურიაში სამშაბათს ბუნებრივი აირის გარეშე 80 ათასი მომხმარებელი დარჩა. გაზის მიწოდება უკვე სამშაბათის 15:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყეს. პროცესი ოთხშაბათს, დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამჟამად რამდენი აბონენტია გაზის გარეშე დარჩენილი, ამის შესახებ Socar-ში არ განუცხადებიათ.
კომპანია Socar-ი აბონენტებს მოუწოდებს, იყვნენ ყურადღებით და ფრთხილად, გადაკეტონ გაზის სარქველები; აუცილებლობის შემთხვევაში კი დარეკონ ცხელ ხაზზე — 16 114.