როგორ განვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა უახლოეს 10 წელიწადში

© Facebook / photo: Road Department of Roads / FBგზის მშენებლობა რიკოთზე
გზის მშენებლობა რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 17 მილიარდი ლარი მოხმარდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.
„საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარება ეკონომიკის სიძლიერის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. შესაბამისად, გზებზე თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის მიღწევით ვქმნით ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას", – განაცხადა ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას უმთავრესი პრიორიტეტი მაგისტრალებია.
„აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის მნიშვნელობა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონულ ჭრილში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან იგი საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელის ნაწილია“, – აღნიშნა მინისტრმა.
ირაკლი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
რა იგეგმება ქვეყანაში წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად
მინისტრი გასულ წელს შესრულებულ სამუშაოებსაც შეეხო და განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, 70 კმ მაგისტრალური გზა გაიხსნა, რის შედეგადაც თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 5 საათის ნაცვლად უკვე 4 საათშია შესაძლებელი.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები რიკოთის გზის საუკუნის პროექტზე, სადაც ერთდროულად შენდება 71 ხიდი და 47 გვირაბი, საიდანაც რვა გვირაბი უკვე გაჭრილია.
„უკვე სექტემბერში გავხსნით ახალი გზის 2,5 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც ექვსი ხიდისა და 4 გვირაბისგან შედგება, ხოლო სრულად რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას ეტაპობრივად 2021-2024 წლებში დავასრულებთ. შესაბამისად, ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში მგზავრობას უკვე 3–3,5 საათს მოვანდომებთ“, – თქვა ქარსელაძემ.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთი–ჩრდილოეთის დერეფნის განვითარების ჭრილში ქვეშეთი–კობის ისტორიულ პროექტს, რომელიც უნიკალურია სამშენებლო-საინჟინრო თვალსაზრისით.
გზის მშენებლობა რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე: მინისტრის ანგარიში
„ამ პროექტის დასრულების შემდეგ ჯვრის უღელტეხილი კლიმატური პირობების გამო აღარ ჩაიკეტება, 10 სოფლის მოსახლეობას კი წლის ნებისმიერ დროს ექნება სრული წვდომა განათლების, სამედიცინო და სხვა სერვისებზე“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, საერთაშორისო მაგისტრალებთან ერთად, მნიშვნელოვანი გეგმები არსებობს შიდასახელმწიფოებრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.
მაგალითად, მხოლოდ კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ჯამში 2 მილიარდი ლარი მოხმარდება. წელს დასრულდება საჩხერე-ონის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი გზა, რომელიც მინიმუმ 1,5 სთ-ით ამცირებს გადაადგილების დროს. ასევე ახალი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს ლენტეხი და მესტია და, შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უშგულამდე გზის დასაფარად 3 საათი იქნება საკმარისი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალ კავშირს აჭარასთან უზრუნველყოფს ხულო–ზარზმის პროექტი, რომლის ფარგლებში გარემონტდება და აშენდება 47 კმ გზა.
გვირაბის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამასთანავე მნიშვნელოვანია ის სარგებელი და სოციალური ეფექტი, რაც ასეთ მასშტაბურ პროექტებს ახლავს. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში სამინისტროს 6.000 პროექტზე დასაქმებული იყო 31.000 ადამიანი და 1.300 კომპანია. დასაქმებულთა 70-80% საქართველოს მოქალაქეა და მათ კონკრეტული ფინანსური სარგებლის გარდა, პროფესიული ზრდისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები შეიძინეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ. პრეზენტაციები უკვე გამართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრებმა.
ყველა ახალი ამბავი
0