თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ევროკავშირმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა, წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე, პროკურატურის მოთხოვნით, პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა ის კვლავ არის პარლამენტის წევრი.
„დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბატონი მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - წერია განცხადებაში.
ოპოზიციური ლიდერის გასათავისუფლებლად საჭირო თანხა გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის.
„გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გირაოს გადახდის შემდეგ მელია რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, 13 მაისამდე დატოვებს.
ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მთავრობამ და რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელმა შესთავაზა.
დოკუმენტის თანახმად, მელიამ ციხე ამნისტიის კანონის საფუძველზე უნდა დატოვოს, ასევე განიხილება მისი გათავისუფლება გირაოს საფუძველზე.
მიუხედავად გათავისუფლებაზე გარანტიისა, „ნაცმოძრაობა“ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს იმ დრომდე, ვიდრე მელია არ დატოვებს საპატიმროს.
გომელაური: ამნისტია ყველას, მათ შორის პოლიციელებსაც უნდა შეეხოს>>
2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.
საქართველოს პარლამენტში „მაისის არდადეგების“ შემდეგ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვარიანტი დარეგისტრირდება – ერთი უმრავლესობის, მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.
მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვერსიები განსხვავდება ერთმანეთისგან – მხარეებს თავად ამნისტიის პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ. ხელისუფლების სურვილია, რომ ამნისტია საქმის ყველა ფიგურანტს შეეხოს, მათ შორის პოლიციელებსაც და იმ შესაძლო პირებსაც, რომლებიც შეიძლება გამოძიებამ მოგვიანებით გამოავლინოს.
ოპოზიცია, პირველ რიგში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და გასამართლებულთა ამნისტიისა და მათთვის ნასამართლობის მოხსნის წინადადებით გამოდის. ასეთ ბრალდებულთა შორის, რიგითი აქტივისტების გარდა, არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.
გარდა ამისა, ოპოზიცია 20–21 ივნისის ღამეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ამჟამად ბრალდებული პოლიციელების ამნისტიაზეც თანახმაა, მაგრამ ამავდროულად იმ პირთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების წინააღმდეგია, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ და მონაწილეობდნენ ბრძანებების გაცემაში.