11:21 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
41 0 0

ტრაგიკული დღის შემდეგ უკვე 32-ე წელია, ტრადიციულად, დაღუპულთა პატივსაცემად, რუსთაველის გამზირზე მოსახლეობა მიდის და დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით ამკობს.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოში დღეს, 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და, ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან დღეს 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი, საპროტესტო აქცია დაარბიეს.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, 9 აპრილი ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვისა და თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება.

„1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ... 9 აპრილი მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვის და, ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება. ამიტომაც დღეს გმირულად დაცემულთა სახელებს ტკივილით და ამავდროულად სიამაყით ვიხსენებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

დღეს 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ქართველმა პოლიტიკოსებმა.

„დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალთან მივიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი.

„მართლაც ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც თავი გაწირა და ვინც შეეწირა ამ ბრძოლას. ჩვენი, მთლიანად ქვეყნის, ერის ვალია, მათი ხსოვნის წინაშე ვიყოთ გაერთიანებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანმაც. 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და სხვა პოლიტიკოსებმა.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომლებმაც 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

​1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, ტრადიციულად, დაღუპულთა პატივსაცემად, რუსთაველის გამზირზე მოსახლეობა მიდის, მიაქვს ყვავილები, დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით ამკობენ და სანთლებს უნთებენ მათ სულებს.

მთავარი თემები