„ამ დროშაში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია“: საქართველოს პრემიერ-მინისტრი

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოს დროშა თითოეულ მოქალაქეში პატრიოტულ სულისკვეთებას აღძრავს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.

ქართული დროშა - Sputnik საქართველო
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა.

გახარიას განცხადებით, შორს არ არის ის დრო, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება.

„ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო – საქართველოს დროშა თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს. მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ხუთჯვრიან დროშაზე მუშაობა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო სახელმწიფო კომისიამ. 1999 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ისტორიული სიმბოლოების, მათ შორის ხუთჯვრიანი დროშის აღდგენას ითვალისწინებდა. საბოლოო სახე დროშამ 2004 წელს მიიღო, ხოლო 2017 წელს ის განმტკიცდა კონსტიტუციის მიხედვით.

გამომდინარე პანდემიური შეზღუდვებიდან, წელს სახელმწიფო დროშის დღე მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება და მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან 12:00 საათზე სახელმწიფო დროშები გადმოიფინება.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, 14 იანვარს მათაც გამოფინონ ქართული დროშა თავიანთ სახლებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0