18:04 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
109 0 0

საქართველოდან, შვეიცარიაში შესვლის შემდეგ მოქალაქე დაუყოვნებლივ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს  მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. შვეიცარიამ, გლობალური ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, საქართველო მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა, ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით,  შვეიცარიის მთავრობამ მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია ცხრა ოქტომბერს განაახლა.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებიც გეგმავენ შვეიცარიაში შემოსვლას 12 ოქტომბრიდან. 2020 წლის 9 ოქტომბერს, შვეიცარიის მთავრობის მიერ განახლებული იქნა მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია, რომელშიც  სხვა ქვეყნებთან ერთად, გლობალური ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით,  შეყვანილი იქნა საქართველოც“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებიც 12 ოქტომბრიდან შევლენ შვეიცარიის ტერიტორიაზე საქართველოდან, სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტით, სატრანზიტო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სტატუსის მიუხედავად, ვალდებულნი არიან, გაიარონ ათ დღიანი კარანტინი, თვითიზოლაცია. აღნიშნული წესი ვრცელდება საქართველოდან შესულ ნებისმიერ პირზე.

არსებული წესის გვერდის ავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია  ჯარიმა 10 000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით.

„შვეიცარიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს თვითიზოლაცია ბინიდან, სასტუმროდან და ა.შ გაუსვლელად. დაუყოვნებლივ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს  მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაემორჩილოს მიღებულ რეკომენდაციებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გამგზავრებამდე კომუნიკაციაში იყვნენ შესაბამის ავიკომპანიებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ მგზავრობასთან დაკავშირებული წესები, როგორიცაა „კოვიდ-19-ის“ ტესტის წარდგენის აუცილებლობა და სხვა პროცედურები.

შეგახსენებთ: მანამდე, 7 ოქტომბერს, საქართველოს მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალში ასევე შეიყვანა გერმანიამ. პირებმა, რომლებიც საქართველოდან გერმანიაში მიემგზავრებიან, საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. ტესტის არქონის შემთხვევაში საჭიროა 14 დღით ბინაზე თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა.

მთავარი თემები