12:52 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
159 0 0

მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი 2 მილიარდი ლარი მიმართული იქნება სამუშაო ადგილების, კომპანიების, მოქმედი წარმოებებისა და ბიზნესების შესანარჩუნებლად 

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. რა რაოდენობის ადამიანს დაეხმარება მთავრობა, დამოკიდებულია იმაზე,  თუ რა რაოდენობის ადამიანი დაკარგავს სამსახურს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

მთავრობა COVID-19-ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ უმუშევრობის დახმარების პროგრამაზე მუშაობს. ცქიტიშვილის განცხადებით, პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა ზუსტი რაოდენობა აპრილ-მაისში დადგინდება, როდესაც სტატისტიკის მიხედვით ცნობილი გახდება, თუ რამდენად შემცირდება ქვეყანაში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა.

„ნებისმიერი დაპირება, რომ ჩვენ დავეხმარებით ამდენ ათას ადამიანს ამდენი ლარით ან ამდენი თვის განმავლობაში, იქნება საფუძველს მოკლებული. იქნება რეალობისგან მოწყვეტილი. ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხების შეთავაზებას, ან კონკრეტული რაოდენობების დასახელებას იმის შესაბამისად, აპრილში რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში და მაისში — რამდენმა დაკარგა აპრილში და ა.შ.", — განაცხადა  ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა იმედს იტოვებს, რომ იმ დახმარებების პაკეტით, რაც მათ ქართულ ბიზნესს შესთავაზეს, ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს.

რაც შეეხება თვითდასაქმებული ადამიანების დახმარებას, ვიცე-პრემიერის განცხადებით,  მოქალაქეთა ეს კატეგორია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულ სხვა შეღავათებში უკვე მოექცა, მათ შორისაა კომუნალური გადასახადების 3-თვიანი სუბსიდირება და ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხების 3 თვით გადავადება. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით,  ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, თანხა მიმართული იქნება სამუშაო ადგილების, კომპანიების, მოქმედი წარმოებებისა და ბიზნესების შესანარჩუნებლად. 

ასევე გაირკვა, რომ მთავრობა მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას 3 თვის მანძილზე კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს. 

საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების შეღავათებზე უარის თქმა შეუძლიათ>>

3  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 27, კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319  პაციენტია.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები