ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი მოქალაქეებისთვის დღეს გაიხსნა - ფოტო

© photo: Municipal Development Fund of Georgia / FBზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააშენეს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის — დადიანების სასახლის დეკორატიული ბაღის გაგრძელებაა

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. ბოტანიკურ ბაღში შესვლა ნებისმიერ მოქალაქეს 29 დეკემბრიდან შეუძლია, აღნიშნულია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეაბილიტირებული ბაღის ოფიციალური გახსნა იანვარში იგეგმება.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია გასული წლის იანვარში დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ბაღში ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტი ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის, სასეირნო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებდა.

პროექტირებისთვის თანხები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ფონდმა „ქართუმ" გამოყო, ხოლო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 11 მლნ ლარს აღემატება.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გააშენეს, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის — დადიანების სასახლის დეკორატიული ბაღის გაგრძელებაა.

ბაღის შესაქმნელად მე-19 საუკუნეში სპეციალურად მოიწვიეს ევროპელი მებაღეები და ევროპიდან იშვიათი მცენარეები ჩამოიტანეს. 26,4 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ხარობს ხეები, რომლებიც თითქმის 200 წლისაა — ევრაზიული კონტინენტის ერთეული ეგზემპლარები.

ისტორიული მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როდესაც მასზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს.

ბაღისთვის ნერგები და თესლები საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპეს ვერსალის ბაღიდან ჩამოიტანეს, ხოლო დეკორატორად იტალიელი მებაღე ჟოზეფ ბანინი მოიწვიეს. მან მთლიანად შეცვალა ბაღის გარეგნული იერი. სწორედ ბანინიმ შექმნა ხელოვნური ტბა პატარა კუნძულით.

ყველა ახალი ამბავი
0