„რესპუბლიკური პარტია“ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, აგრეთვე ცნობილი როგორც კონკორდატი,  საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული ხელშეკრულებაა

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. „რესპუბლიკური პარტია“ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას ითხოვს, ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რესპუბლიკელები“ ქვეყნის დემოკრატული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყანაში სეკულარიზმის ფაქტობრივი არარსებობის პრობლემას მიიჩნევენ.

„ძალაუფლებით ვაჭრობა ორმხრივად განსაკუთრებით ღია და თვალსაჩინო ხდება წინასაარჩევნო პერიოდებში. აშკარაა ორმხრივი “პარტნიორობის” სარგებლიანობა, რითაც საბოლოო ჯამში ფერხდება უფრო დიდი რამ - სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება, ილახება კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები. 21-ე საუკენეში თანასწორობისთვის ბრძოლა სიცოცხლისთვის ბრძოლის ტოლფასი გახდა“, -აღნიშნულია განცხადებაში.

„რესპუბლიკელების“ განცხადებით, მათი მიზანია,  გათავისუფლდეს ეკლესია სახელისუფლებო ჩარევისაგან და იყოს სრულიად დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, ისევე როგორც, ეკლესიამ ვერ შეძლოს ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება და პოლიტიკური აქტივობა. 

საქართველოს მთები და ტაძრები - Sputnik საქართველო
ფაქტები ქართული ეკლესიის ისტორიიდან: მეფისთვის ნათავაზები წიხლი, გატეხილი მარხვა და სხვანი

"საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის მავნე, უკანონო ურთიერთგარიგებების შეწყვეტის გზად გთავაზობთ საქართველოს ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების (კონკორდატის) გაუქმებას. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: სამართლებრივად აღიკვეთება ხელისუფლების ჩარევა სასულიერო ხელისუფლების საქმიანობაში; ყველა მმართველ პოლიტიკურ ძალას გამოეცლება წინასაარჩევნოდ მართლმადიდებლური ეკლესიის რესურსით მანიპულაციისა თუ ვაჭრობის შესაძლებლობა და პირიქით“, - ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში.

გარდა ამისა, პარტია აცხადებს, რომ შეთანხმების გაუქმების შედეგად, „ხელისუფლებას გაუუქმდება სამართლებრივი ვადლებულება გაიზიაროს (ან გამოიყენოს სათავისოდ) საპატრიარქოს ესა თუ ის პოზიცია ახალი ინიციატივების განხილვის დროს. ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს ექნებათ სხვადასხვა სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის სამართლებრივი საფუძველი, აღიკვეთება საპატრიარქოსათვის გაუმჭირვალე პროცესის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემის ქაოტური პროცესი და შეწყდება ადგილობრივი ბიუჯეტებიდან საბიუჯეტო რესურსებისა და ქონების გადაცემის პროცესი. 

პარტიის ცნობით, ამ ღონისძიებების გასატარებლად აუცილებლად უნდა შეიცვალოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი, რომლიდანაც უნდა ამოღებულ იქნეს ჩანაწერი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანამშრომლობის ფორმის შესახებ, ცალმხრივად გაუქმდეს შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და პარლამენტში შეიქმნას კომისია.

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, აგრეთვე ცნობილი როგორც კონკორდატი,  საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული ხელშეკრულებაა, რომელიც დადებულია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, 2002 წელს.

საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობას, იურიდიულ სტატუსს, ურთიერთობას სახელმწიფოსთან და  საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა სუბიექტებთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0