ეპოქა დასრულდა: გია ყანჩელი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Yuri Kaver / გადასვლა მედიაბანკშიგია ყანჩელი
გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია ყანჩელმა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში მთელი ეპოქა შექმნა და უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში.

დღეს 84 წლისა გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გია ყანჩელი.

ყანჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში მძიმე იყო.

გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972-1990 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

1995-1996 წლებში გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრში მიიწვიეს. იმ პერიოდიდან კომპოზიტორი ანტვერპენში ცხოვრობდა, თუმცა კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვეტია. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III", „ჰამლეტი", „ქალი-გველი", „მეთორმეტე ღამე").

მუსიკის სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმფონიურ თხზულებებს. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო" მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება ოპერა „და არს მუსიკა" (1983 წ.), ექვსი სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი" — ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის „არ დაიდარდო", „ქვევრი", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „მიმინო", „შერეკილები", „როცა აყვავდა ნუში", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ.

1967 წელს ელდარ შენგელაია „არაჩვეულებრივი გამოფენის" გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, თუმცა მაინც არ იყო კმაყოფილი. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ სჭირდებოდა კომპოზიტორი „დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით". ფილმზე მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის გია ყანჩელის პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ მისი მუსიკა „კინემატოგრაფიულია". მართლაც, ყანჩელს აქვს უნარი, გამოხატოს ეპიზოდის განწყობა. „არაჩვეულებრივ გამოფენაში" მუსიკა ძალიან დიდ როლს ასრულებს ფილმის აღქმასა და მაყურებლის განწყობის შექმნაში.

1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი „შერეკილები", რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. მომღერალი ნანი ბრეგვაძე ფილმის მუსიკის შესახებ იხსენებს: "გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა „შერეკილებზე" მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა. ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც მართლაც რომ ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის „ფოლკლორული თემა", მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი („ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა"). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, „შერეკილების" იდეას გამოხატავს – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც მუდმივ ფონს ქმნის კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის — კინომუსიკაში".

გია ყანჩელი მრავალი საერთშორისო პრემიის ლაურეატია

  • 1995 — ღირსების ორდენი
  • 1988 — საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი
  • 1987 — პრიზი „ნიკა" კინომუსიკისათვის
  • 1981 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 — საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი
  • 1981 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1977 — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია
  • 2008 — ვოლფის პრემია ხელოვნებაში
  • საქართველოს სახალხო არტისტი

2015 წელის გია ყანჩელის 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს ბერლინის ისტორიულ დარბაზში „კონცერტჰაუზში" შედგა. 28 სექტემბერს კი ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში ქართველი კომპოზიტორის იუბილე აღინიშნა.

ყველა ახალი ამბავი
0