03:32 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
„მარნეულის“ წითელი ტყემალი

გერმანული ლაბორატორიის დასკვნის მოლოდინში: „მარნეულის“ ტყემალი შესამოწმებლად გაიგზავნა

© photo: Marneuli Food Factory / fb
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
119 0 0

კომპანიის განცხადებით, ანალიზების პასუხს მიღებისთანავე აცნობებს საზოგადოებას.

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. მარნეულის სასურსათო ქარხანამ თავისი წარმოების ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში გააგზავნა და ლაბორატორიის პასუხებამდე  აღნიშნული პროდუქტის რეალიზაცია დროებით შეაჩერა, აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

რამდენიმე დღის წინ ვებგვერდზე momxmarebeli.ge გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ავტორების განცხადებითაც, მარნეულის ტრადიციულ წითელ ტყემალში  „სუდან ერთის“ შემცველობა გამოვლინდა, რომელიც პროდუქციას მოწითალო შეფერილობას აძლევს. კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკვლეულ ნიმუშებში არასაკვები საღებავები მცირე ოდენობით დაფიქსირდა, მაგრამ მათი 

სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისთვის საშიშია და  ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას, ან გენების გადაგვარებას. არასაკვები საღებავები მარნეულის ტყემალთან ერთად სურსათის ექვს ნიმუშში აღმოჩნდა. 

კომპანიის ცნობით, მათ ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშები სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით აიღეს და დალუქეს.

„კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიებიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დალუქული ნიმუშები დღეს გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა. გაგზავნილია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოების სხვადასხვა პარტიებიდან შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი, ასევე შემოწმებას გაივლის წარმოებაში გამოყენებული დაღერღილი და დაფქვილი წიწაკა. რამდენიმე დალუქული ნიმუში გადამოწმებისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც წაიღო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, ანალიზების პასუხს მიღებისთანავე აცნობებს საზოგადოებას.

ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორია (SGS Institut Fresenius) გერმანიაში მდებარეობს და 155 წლიანი გამოცდილება აქვს. ლაბორატორია კვლევებისა და ანალიზების სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

 

მთავარი თემები