პაატა სალია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლებს ათავისუფლებს: მიზეზები და განმარტებები

გამოწერა
არხიდან გათავისუფლებულთა შორის არიან ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, ასევე არხს დატოვებს ნანუკა ჟორჟოლიანიც.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე არხიდან რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება დაადასტურა და მიზეზები განმარტა. 

პაატა სალია - Sputnik საქართველო
პაატა სალია ნიკა გვარამიასთვის 5 მილიონის გადახდას არ აპირებს

გათავისუფლებულთა შორის არის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან. მათ შორის არიან ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი. მათთან ერთად არხს დატოვებს ნანუკა ჟორჟოლიანიც.

„ვადასტურებ, რომ ნოდარ მელაძე გათავისუფლებულია და მასთან ერთად გათავისუფლდება რამდენიმე ადამიანი, თუმცა ისინი ამ ეტაპზე შვებულებაში იმყოფებიან და შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს და მის მესაკუთრეს, იყოს კომპანიაში დასაქმებული“, – განაცხადა სალიამ.

სალიას განმარტებით, არხის ახალმა ხელმძღვანელობამ მელაძის, ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იმ ფინანსური ზარალის გამო მიიღო, რომელიც მათი საქმიანობის შედეგად მიადგა კომპანიას.

ამასთან, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, ჩამოთვლილი პირების მიმართ არხის ხელმძღვანელობამ შესაძლოა სასამართლო დავა წამოიწყოს, რაც ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არხზე სამუშაოდ დარჩებოდნენ. 

„ვერ წარმოგვიდგენია, რომ ვედავოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან არიან წამყვან თანამდებობებზე. აშკარად შეუთავსებლობა და ინტერესთა კონფლიქტი იქნება“, — განაცხადა სალიამ. 

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამია: პაატა სალიას კბილებს ჩავუმტვრევ

მისი თქმით, სარჩელზე მუშაობა დაწყებულია და გარკვეული დასაბუთებაც უკვე არსებობს „იმაზე, რაც 2015 წელს მოხდა. შემდგომ იყო შეძენილი ბინები 2016-ში. რაღაც თანხების განაწილება მოხდა 2017-ში“. გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ყოველივე ამაზე აუცილებლად იქნება საუბარი სამოქალაქო სარჩელში. 

პაატა სალია აცხადებს, რომ ნინო შუბლაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისი კანდიდატურაც საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მოიაზრება, თუმცა მის პარალელურად განიხილება სხვა კანდიდატურებიც, რომელთა ვინაობაც არ დააკონკრეტა. 

გარდა ამისა, პაატა სალიამ განმარტა, რომ თუ არხის ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ისინი ახალ ხელმძღვანელობასთან, ანუ მესაკუთრესთან და მენეჯმენტთან „ბრძოლის რეჟიმში არიან“, თანამშრომლობა არ გამოვა. მით უმეტეს, თუ ზოგი ჟურნალისტი ფინანსურადაა დავალებული სხვისგან. 

„ჩვენი შეფასებით, დადებულია თვალთმაქცური გარიგებები სარეკლამო კომპანია „ინტერმედია პლუსთან“, საიდანაც ის მოგება, რომელიც უნდა მიეღო „რუსთავი 2“-ს, მოხვდა სხვა კომპანიაში. აღნიშნული კომპანიიდან ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ გატანილ იქნა ეს ფული როგორც დივიდენდი და შემდეგ დარიგებული იქნა კონკრეტულ პირებზე — არ ვიცი, საჩუქრის თუ რა სახით, რის შედეგადაც შეძენილია გარკვეული უძრავი ქონება. აქედან გამომდინარე... როდესაც არხზე მომუშავე ჟურნალისტები თვლიან, რომ ბრძოლის რეჟიმში არიან ჩვენთან, ანუ მესაკუთრესთან და მენეჯმენტთან და ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც, ჩვენი აზრით, დავალებული არიან სხვისგან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან არხის ერთგული. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გუნდი იყოს ერთიანი, ეს გუნდი იყოს ძლიერი და კრიტიკული“, — განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, პაატა სალიამ ჟურნალისტებს გააცნო ახალი ხელმძღვანელობის თხოვნა, რომ არხმა სიმშვიდე, ხოლო „კურიერმა“ სიმწვავე შეინარჩუნოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0